English / ქართული / русский /
ლელა მენაბდიშვილი
დემოგრაფიული კრიზისი საქართველოში და მოსახლეობის თვალსაზრისი მისი დაძლევის გზების შესახებ

ანოტაცია. წარმოდგენილი ნაშრომის მიზანია გაგვაცნოს ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული ვითარების ზოგადი სურათი; სოციოლოგიურ გამოკვლევაზე დაყრდნობით  დაგვანახოს, რამდენადაა ქვეყნის მოსახლეობა გაცნობიერებული ამ საკითხში, როგორ აფასებს დემოგრაფიული ცვლილებების ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა შობადობა და მიგრაცია; რაში ხედავს ქვეყნის დემოგრაფიული კრიზისის დაძლევის გზას. რესპონდენტებად შერჩეული იყო ფერტილური ასაკის, უმაღლესი განათლების მქონე დასაქმებული და დაოჯახებული პირები. გამოკვლევის შედეგების მიხედვით რესპონდენტებმა გამოავლინეს ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის კარგი ცოდნა და ინტერესი. ნაშრომში უხვადაა მოტანილი ის რეკომენდაციები და მოსაზრებები, რომელთა განხორციელებაც დაეხმარება ქვეყანას დემოგრაფიული კრიზისის დაძლევაში.

საკვანძო სიტყვები: დემოგრაფიული კრიზისი, შობადობა, მიგრაცია. 

შესავალი. დღეს მსოფლიოს წინაშე მრავალი გლობალური პრობლემა დგას, რომელთა შორის ერთ-ერთია დემოგრაფიული პრობლემა. საქართველოც იმ ქვეყნების რიცხვშია, რომელთაც მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა აქვს. ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარების გაუარესება XX საუკუნის 60-იანი წლებიდან იწყება, 90-იანი წლებიდან კი შედეგად ვიღებთ დემოგრაფიულ კრიზისს.

დემოგრაფიული კრიზისი უამრავ შეკითხვას ბადებს როგორც მეცნიერ-დემოგრაფთა, ისე ფართო საზოგადოების წინაშე. რა თქმა უნდა, თუ ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს როგორი იქნება ჩვენი ქვეყანა ასი, ორასი ან, თუნდაც, საუკუნეების შემდეგ, კიდევ იქნება თუ არა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაში მისი მკვიდრი ერი, ქართველები? თუ საქართველო იქნება ქართველების გარეშე, უცხო ტომებით დასახლებული ქვეყანა?

ნებისმიერი ქვეყნისთვის დემოგრაფიული საკითხები ყოველთვის გადამწყვეტი იყო და იქნება. საქართველოს მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი და ტრაგიკულია ის ფაქტი, რომ ჩვენი მოსახლეობა თანდათან მცირდება და ქართველი ერი გაქრობის წინაშე დგას. ამ ფონზე მნიშვნელობას კარგავს ის, რომ უძველესი და მდიდარი  კულტურის მქონე ერი ვართ, რომ კონკურენტუნარიანია ჩვენი უნარებისა და ცოდნის დონე. საქართველოს მძიმე დემოგრაფიულ ვითარებაზე მხოლოდ ქართველი მეცნიერ-დემოგრაფები არ ამახვილებენ ყურადღებას. გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდის მიერ გაკეთებული პროგნოზით საქართველოს 2050 წლისათვის დემოგრაფიული კატასტროფა ემუქრება. გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემათა განყოფილების მიერ ჩატარებული კვლევით 2025 წლისათვის საქართველოს მოსახლეობა 3 917 000-მდე, ხოლო 2050 წლისათვის 2 985 000-მდე შემცირდება. საქსტატის მონაცემების მიხედვით საქართველოს მოსახლეობა 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგენს 3 688 600, რაც, დამეთანხმებით, იმაზე ნაკლებია, რასაც გაერო 2025 წლისათვის პროგნოზირებდა. 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერამ აჩვენა, რომ ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა (3 713 800) მაშინაც ჩამორჩებოდა გაეროს მიერ 2025 წლისთვის გაკეთებულ პროგნოზს. ქვეყანაში მოსახლეობის კლება თუ ამ ტემპით გაგარძელდება, 2050 წლისთვის საქართველოში მოსახლეობა იმაზე ბევრად ნაკლები იქნება, ვიდრე  გამოთვლილი იყო და ქვეყნის დემოგრაფიული კატასტროფაც გარდაუვალი იქნება.

დემოგრაფიული ვითარების გაუარესების თვალსაზრისით განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა რეგიონებში. რიგ რეგიონში უკვე წლებია დეპოპულაცია მიმდინარეობს. 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით გაუკაცრიელებულია 223 სოფელი. მათ გაუკაცრიელებას დიდი დრო არ დასჭირვებია, ეს პროცესი 2002 -2014  წლების მონაკვეთში მოხდა.

ყველასთვის ცნობილია, რომ  „დემოს“ ხალხს ნიშნავს, დემოგრაფია კი  ა. გიიარის განმარტებით  არის „ადამიანთა მოდგმის ბუნებრივი და სოციალური ისტორია“ [სულაბერიძე ა...., 2007. 7], ამიტომ მართებულია, დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე მდგარი ქვეყნისათვის  მისი მკვიდრი მოსახლეობის აზრის შესწავლა – გააზრებული აქვს თუ არა ჩვენს საზოგადოებას საქართველოს მძიმე დემოგრაფიული ვითარება, რას ფიქრობენ ამის შესახებ და რა არის, მათი აზრით, გამოსავალი ამ რთული სიტუაციიდან? სწორედ ამ მიზნით 2022 წლის ივნის-ივლისის თვეში ჩავატარეთ  თვისებრივი კვლევა ფერტილური ასაკის, უმაღლესი განათლების მქონე დაოჯა­ხებულ, დასაქმებულ რესპონდენტებში. ნაშრომში წარმოდგენილია ამ კვლევის ზოგიერთი შედეგი.

ძირითადი ნაწილი. დემოგრაფიულ ცვლილებებს სამი კომპონენეტი განსაზღვრავს: შობადობის დონე, სიკვდილიანობის დონე და მიგრაცია. სამივე ერთად მოსახლეობის სტრუქტურას ქმნის და მის განვითარებას განაპირობებს. საქართველოში შობადობის დონე ყოველწლიურად იკლებს. თუ 2014 წელს შობადობის კოეფიციენტი 1 000 კაცზე შეადგენდა 16,3-ს, 2021 წლისთვის ეს მაჩვენებელი 12,4 გახდა. რუსმა დემოგრაფმა ვ. ბორისოვმა გამოიანგარიშა მოსახლეობის მხოლოდ მარტივი აღწარმოებისათვის საჭირო ბავშვთა რაოდენობა და დაადგინა, რომ ერთ ეფექტურ ქორწინებაზე[1] საშუალოდ უნდა მოდიოდეს 2,6 ბავშვი, ხოლო გათხოვილმა ქალმა  უნდა გააჩინოს საშუალოდ 2,15 ბავშვი. ეს არის საიმედო მაჩვენებელი ბავშვთა იმ რიცხვისათვის, რომელიც აუცილებელია დეპოპულაციის თავიდან ასაცილებლად. სინამდვილეში კი დაქორწინებულთა რაღაც ნაწილი მთელი ცხოვრება უნაყოფო რჩება. ამის საკომპენსაციოდ საჭიროა სამ  და მეტბავშვიან ოჯახთა მეტი ხვედრითი წილი. მისი გაანგარიშებით, მოსახლეობის მხოლოდ მარტივი აღწარმოების შენარჩუნებისთვის აუცილებელია, რომ სამი და მეტბავშვიანი ოჯახები შეადგენდნენ საერთო რიცხვის ნახევარზე მეტს  [ბორისოვი ვ., 1999,  257].

სოციოლოგიური გამოკვლევები ადასტურებენ, რომ მოსახლეობის დამოკიდებულება ოჯახში შვილთა ოპტიმალური რაოდენობის შესახებ განსხვავებულია. ეს ცვლილება დამოკიდებულია ცხოვრების პირობებზე, მეუღლეთა ჯანმრთელობაზე, მათ ასაკზე, დაქორწინების დროზე და ა.შ. გასათვალისწინებელია მეუღლეთა მორწმუნეობის ხარისხი, მათი აღმსარებლობა. მაგალითად, სოციოლოგიურმა გამოკვლევამ (2016 წელი) მართლმადიდებელ მორწმუნეებში აჩვენა, რომ მათთვის შვილთა ოპტიმალური რაოდენობა სამი და მეტი ბავშვია (3,32 ბავშვი). ამასთან, მათთვის შვილთა რიცხვი ოჯახში ითვლება უზენაესის ნების გამოვლინებად, რის გამოც ოჯახში შვილთა შობის დაგეგმვა არ ხდება.  დაოჯახებული და დასაქმებული რესპონდენტების აზრით კი, ოჯახში შვილთა ოპტიმალური რაოდენობა  შეადგენს 2,88 ბავშვს. ამ რესპონდენტებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც თვლიან, რომ ოჯახში შვილთა რაოდენობა დამოკიდებულია მეუღლეთა შესაძლებლობებზე. შვილთა მოსალოდნელი რაოდენობა მართლმადიდებელი მორწმუნეების ოჯახში შეადგენს 4,05 ბავშვს. მათ გამოავლინეს მრავალშვილიანობისაკენ გამოკვეთილი ტენდენცია, რასაც ვერ ვიტყვით დაოჯახებულ-დასაქმებულ რესპონდენტებზე, მათთან შვილთა მოსალოდნელი რაოდენობა 2,72 ბავშვია, თუმცა რესპონდენტთა გარკვეულ ნაწილს გაუჭირდა კიდევ მოსალოდნელ შვილთა რაოდენობის დასახელება. აღნიშნავდნენ, რომ შვილები კიდევ უნდოდათ, მაგრამ მათი რაოდენობა ბევრ რამეზე იყო დამოკიდებული. იმ რესპონდენტების რაოდენობა, რომლებსაც უკვე ჰყავთ სამი და მეტი შვილი, ან სურთ, რომ მომავალში იყოლიონ, 2,7-ჯერ ჩამორჩება იმათ, ვინც მცირეშვილიანობისკენაა (1-2 შვილი) მიდრეკილი.

ექსპერტ დემოგრაფთა (ა. სულაბერიძე, ა. თოთაძე...) აზრით, ქვეყნის დემოგრაფიული კრიზისის დაძლევის ერთ-ერთი გზა მინიმუმ სამი  შვილის ყოლა და ოჯახის ტრადიციული მოდელის დაცვაა, თუმცა შვილების რაოდენობა მხოლოდ ოჯახის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ოჯახის სოციოლოგიის ერთ-ერთი წარმომადგენელი ა. ანტონოვი მიიჩნევს, რომ ბავშვთა ყოლის მოთხოვნილება წარმოადგენს ინდივიდის სოციალურ-ფსიქოლოგიურ თვისებას, რაც იმაში ვლინდება, რომ ბავშვის გარეშე და მათი სასურველი რაოდენობის გარეშე, ინდივიდი როგორც პიროვნება განიცდის დაბრკოლებას. ამის ნათელ დადასტურებად ჩაითვლება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის 2007 წელს გაკეთებული მოწოდება, რომელსაც დღემდე აქვს გამოხმაურება და შედეგი. უკვე 66 ნათლობის შემდეგ მოინათლა 45 381 ბავშვი, ოჯახების მესამე და მომდევნო შვილი. პატრიარქის მოწოდება ოჯახების გარკვეული ნაწილისთვის არის მოტივაცია ბავშვთა ყოლის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. 2008 წლიდან მოყოლებული იზრდება მესამე და მომდევნო ბავშვის დაბადება და 2021 წელს  მათი რაოდნობა 1,8-ჯერ მეტი გახდა, თუმცა ეს არ არის საკმარისი, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სამ და მეტშვილიანი ოჯახები  უნდა შეადგენდნენ ნახევარზე მეტს, რათა მოხდეს მოსახლეობის მხოლოდ მარტივი აღწარმოება.

რესპონდენტებს უნდა ეპასუხათ კითხვაზე: „თუ თქვენ გყავთ ან აპირებთ იმაზე ნაკლები ბავშვის ყოლას, ვიდრე გსურთ, მიუთითეთ რატომ?“ იმ რესპონდენტებმა, ვისაც არ ჰყავს სასურველი რაოდენობის შვილები, დაასახელა შემდეგი მიზეზები: „ბავშვების აღზრდის სიძნელე,“ „მატერიალური მდგომარეობა,“  „საკუთარი საცხოვრებელი  ფართის არ ქონა,“ „უნაყოფობა“. რესპონდენტების მხრიდან ასევე  დასახელდა ფინანსური პრობლემა, საბინაო პრობლემა, ბავშვების აღზრდის სიძნელე, ოჯახში ყოფნის დროის დეფიციტი, ზეგანაკვეთური სამუშაო გრაფიკი.  ფაქტობრივად, აქაც გამეორდა ყველა ის პრობლემა, რომელიც, მათივე თქმით, ხელს უშლის სასურველი შვილების ყოლის შესაძლებლობას. თუ დავეყრდნობით ა. ანტონოვის ზემოთ მოყვანილ მოსაზრებას, ეს რესპონდენტები, იმის გამო რომ არ ჰყავთ შვილთა სასურველი რაოდენობა, განიცდიან დაბრკოლებას. იმ შემთხვევაში თუ მათთან მოხდება ამ დაბრკოლების აღმოფხვრა, ისინი შეძლებენ შვილთა სასურველი რაოდენობის რეალიზებას.

სოციოლოგიური გამოკვლევები მოწმობენ, რომ ქართველმა მოსახლეობამ იცის ქვეყნის დემოგრაფიული ვითარების შესახებ და ფიქრობენ ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე. მათი აზრით, გამოსავალია ახალგაზრდა ქართველების ოჯახის შექმნაზე დახმარება; ახალგაზრდა ოჯახების ხელშეწყობა, თუნდაც მათთვის იპოთეკური სესხების დაბალი პროცენტით გაცემა; ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების ვადის ორ წლამდე გაზრდა; დასაქმებული ორსულებისა და მცირეწლოვან ბავშვთა დედების ხელშეწყობა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის მხრიდან: სამუშაო საათების ერთი საათით შემცირება, დიდ ორგანიზაციებთან საბავშვო ოთხების მოწყობა, სადაც ბავშვების უსაფრთხოებასთან ერთად მშობლისთვისაც ადვილი იქნება მათი მიყვანა და წაყვანა;  მრავალშვილიანი ოჯახების არა მხოლოდ ფულადი დახმარება, არამედ სხვადასხვა სახის დახმარებები კეთილდღეობისა და სოციალური უზრუნველყოფისათვის;  სრულწლოვანი შვილების დასაქმებაში ხელშეწყობა; ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება,  გაიაფება და ა. შ.

რეპროდუქციული ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია შობადობის დონის ასამაღლებლად. რესპონდენტები თვლიან, რომ ამ კუთხითაც მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი, რადგან XXI საუკუნეში, მედიცინის განვითარების თანამედროვე პირობებში, კიდევ არის  ორსულობის, მშობიარობისა და ლოგინობის ხანაში გარდაცვალების შემთხვევები. მათი აზრით, აუცილებელია რეპროდუქციული ჯანმრთელობა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი იყოს, აუცილებელია ყველა ორსულისათვის უსაფრთხო ორსულობისა და მშობიარობის უზრუნველყოფა სახელმწიფო დაფინანსებით.

დღეს მწვავედ დგას უშვილობის საკითხი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, თანამედროვე პირობებში დაქორწინებულთა 10-15% უნაყოფოა. ამასთან, ქალების უშვილობა 50-70%-ია, ხოლო მამაკაცების 30-50%. თითქმის იგივე მონაცემებია საქართველოშიც. აქ რეპროდუქციული ასაკის 35 000 უნაყოფო წყვილია [ვერულავა თ., 2015]. რესპონდენტები კარგად არიან ამ საკითხში ჩახედული. ზოგიერთი მათგანი ამ პრობლემის წინაშეც დგას.  ისინი  მიიჩნევენ, რომ აუცილებელია მედიცინის იმ დარგების განვითარება და დაფინანსება, რომლებიც რეპროდუქციული კუთხით მუშაობენ; უშვილო წყვილების დახმარება თანადაფინანსების დონეზე საჭირო მომსახურების მისაღებად.

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მიგრაცია. საქართველოს მოსახლეობა არა მხოლოდ კლებით, არამედ დაბერების ტენდენციითაც ხასიათდება. აღწარმოების დონეზე მუდმივად დაბალი შობადობის მაჩვენებელი და მიგრაციის უარყოფითი სალდო მოსახლეობის დაბერებას და მის შემცირებას განაპირობებს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოსახლეობის (UNPD) პროგნოზით 2030 წლისთვის 65 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობის წილი საქართველოში  19 პროცენტამდე გაიზრდება. ამასთან, მომდევნი ათწლეულებში  მოსალოდნელია მოსახლეობის კლება და დაბერება. „საქსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ 65 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობის წილი იზრდება.  2001 წელს მათი რაოდენობა მოსახლეობის 13,1 პროცენტი იყო, 2015 წელს მთელი მოსახლეობის 14,27 პროცენტი გახდა, ხოლო 2022 წელს — 15,46 პროცენტი. 21  წლის განმავლობაში 65+ ასაკის მოსახლეობის წილი გაიზარდა 7,5 პროცენტით. აშკარადაა გამოკვეთილი  მოსახლეობის კლებისა და დაბერების ტენდენცია, რაც ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერისთვის მეტად საშიში და საგანგაშო ფაქტია.

ქვეყნიდან გაედინებიან ძირითადად ფერტილური ასაკის (15-49 წელი) ადამიანები. ამან კი  მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ახალგაზრდების სქესობრივ-ასაკობრივი გადანაწილების რაოდენობრივ ცვლილებაზე. გაჩნდა სქესობრივ-ასაკობრივი დისბალანსი, რაც გამოწვეულია ემიგრანტებს შორის მამაკაცების სიჭარბით. ეს კი თავის მხრივ პრობლემებს ქმნის საქორწილო ბაზარზე.

2014 წლის მოსახლეობის საყოველთო აღწერის მონაცემებით შინამეურნეობათა 11%-ში ოჯახის წევრი საზღვარგარეთ განათლების მიღების მიზნითაა წასული, მათგან 73,4% 20-39 წლის ასაკობრივი ინტერვალის ორივე სქესის წარმომადგენელია. მიმდინარე სტატისტიკური მონაცემების მიხედვით საქართველოდან გასული ადამიანების რაოდენობა ყოველთვის აღემატებოდა იმიგრანტებს, გამონაკლისია მხოლოდ 2020 წელი, როცა პროცესი პირიქით წარიმართა, რაზეც გავლენა მოახდინა პანდემიამ, იმ უჩვეულო ცხოვრების წესმა და გაურკვეველმა მდგომარეობამ, რომელშიც სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა მსოფლიო. მომდევნო 2021 წელს საქართველოს მოქალაქე ემიგრანტების რაოდენობა ორჯერ აღემატება საქართველოს მოქალაქე იმიგრანტების რაოდენობას. ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე პანდემიამდელი 2019  წლის მაჩვენებელი, როცა ემიგრანტები 1,5-ჯერ აღემატებოდნენ იმიგრანტებს [https://www.geostat.ge/]. „საქსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობით ემიგრაციაში წამსვლელი ქალების წილი ძალიან მაღალია. ყოველწლიურად სამშობლოს ტოვებს შვიდი ათასამდე ფერტილური ასაკის ქალი. ანუ  შვილების გაჩენის უნარის მქონე ქალთა საკმაოდ დიდი რაოდენობა. მათგან ნაწილს საერთოდ არ ჰყავს შვილი, რადგან ჯერ არ დაოჯახებულა, ნაწილს არ დაუსრულებია სასურველ შვილთა რაოდენობის ყოლა, მაგრამ გადაწყვიტა ემიგრაციაში წასვლა ოჯახის ცხოვრების დონის ამაღლების მიზნით. ეს პროცესი გავლენას ახდენს რეპროდუქციული პოტენციალის გაუარესებაზე.

ვინ სად მიიღებს განათლებას ან სად დასაქმდება და ამის გამო რამდენი ხნით წავა საზღვარგარეთ,  ეს ადამიანის თავისუფალი ნებაა და თავისუფალი არჩევანი. თუმცა სტუდენტებში ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევამ მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით აჩვენა, რომ ახალგაზრდები უცხოეთში სწავლას უპირატესობას ანიჭებენ სამშობლოში დასაქმების მეტი შანსის გამო  და რომ უცხოეთში მიღებული განათლება ჩვენს ქვეყანაში „მეტად ფასობს“. თავისთვად ეს ბადებს კითხვას: „საქართველოში მიღებული განათლება ხომ არ არის უფრო დაბალი ხარისხის, ვიდრე უცხოეთის?“ ამის შესახებ გარკვეული მოსაზრება გაგვიზიარეს ჩვენმა რესპონდენტებმა. 2022 წელს გამოკითხული უმაღლესი განათლების მქონე დასაქმებული რესპონდენტები თვლიან, რომ ქვეყნიდან ახალგაზრდების გადინების შესამცირებლად აუცილებელია განათლებაში მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება. ეს რეფორმები უნდა შეეხოს როგორც საშუალო, ისე უმაღლეს განათლებას. სამშობლოში სასურველი განათლების მიღების შესაძლებლობა კი შეამცირებს სასწავლებლად ემიგრაციაში წამსვლელთა რაოდენობას.

რესპონდენტთა აზრით,  აუცილებელია ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, რათა ადამიანებმა აღარ იფიქრონ ემიგრაციაზე, ასევე მნიშვნელოვანია ემიგრანტების სამშობლოში დასაბრუნებელი პოლიტიკის გატარება. მასში რესპონდენტები მოიაზრებენ  სამუშაო ანაზღაურების გაზრდას, ჯანმრთელობის დაზღვევას ყველასთვის, სოციალურ უზრუნველყოფას და სხვ.

დასკვნა.  ჩვენ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს მოქალაქეები ნათლად აღიქვამენ დემოგრაფიულ გამოწვევებს. მათთვის ეს არ არის ბაზრის პრობლემები, რომელიც შეიძლება გადაწყდეს ქვეყანაში მასობრივი გარე რესურსების შემოტანით, არამედ  ეს არის პრობლემა, რომელიც ერის გადასაწყვეტია. ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიული პრობლემების გასამკლავებლად აუცილებელია ეროვნული, ეფექტური, პროგნოზირებადი, მდგრადი და თანმიმდევრული საოჯახო და დემოგრაფიული პოლიტიკის გატარება, რომელიც ორიენტირებული იქნება ქართული ოჯახის გაძლიერებაზე, ქართველების სამშობლოში იმიგრაციაზე. გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოში არსებული დემოგრაფიული კრიზისი ასუსტებს ეროვნულ ღირებულებებს, კულტურასა და ტრადიციებს. მხოლოდ უფრო ძლიერი ეკონომიკა, რომელსაც მხარს დაუჭერს წარმატებული პოლიტიკა, შეძლებს შექმნას ფინანსური პირობები, რომელიც აუცილებელია ოჯახზე ორიენტირებული მმართველობისთვის. გამოკვლევამ დაგვანახა, რომ ოჯახები რიგი მიზეზების გამო (რომლის მოგვარებაც შესაძლებელია ნების არსებობის შემთხვევაში) ვერ ახდენენ სასურველი რაოდენობის  შვილების ყოლას, ეს ეხება არა მესამე და მომდევნო შვილს, არამედ მეორესაც. მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ ერის მიზანი არის არა მხოლოდ ქვეყნის დემოგრაფიული კრიზისიდან გამოყვანა, არამედ ოჯახების მორალურად გაძლიერება, ოჯახური აზროვნების მხარდაჭერა და ოჯახზე ორიენტირებული ქართული თემების დაცვა, რადგან ჩვენ გვიხდება ცხოვრება სამყაროში, რომელიც სულ უფრო მეტად უარყოფს ან ამცირებს ტრადიციულ ღირებულებებს.

გამოყენებული ლიტერატურა

  1.   ბორისოვი ვ., 1999. დემოგრაფია.  მოსკოვი  NOTA BENE. 257.
  2.   ვერულავა თ., ხაბეიშვილი მ., 2015. უშვილობის მკურნალობა საქართველოში. სამეცნიერო ჟურნალი „ჯანდაცვის პოლოტიკა და დაზღვევა“.www.hepoins.com
  3.   მენაბდიშვილი ლ., გომელაური ნ., 2016. დამოკიდებულება რეპროდუქციული ქცევისადმი. თავი წიგნში: საქართველოში მართლმადიდებელ მორწმუნეთა დამოკიდებულება სოციალურ-დემოგრაფიული ქცევისა და ოჯახის პრობლემებისადმი.  თბილისის სასულიერო აკადემიისა და სასულიერო სემინარიის გამოცემა.  74-80.
  4. სულაბერიძე ა., წულაძე გ., მაღლაფერიძე ნ., 2007. დემოგრაფია. ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემა.7.
  5. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/322/migratsia
  6. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/41/mosakhleoba


[1] . ეფექტური ქორწინება გულისხმობს მთელი რეპროდუქციული პერიოდის განმავლობაში არსებულ და მთელი ამ ხნის განმავლობაში ნაყოფიერების უნარის მქონე ქორწინებას.